„ქართული ოცნების“ გარდა, ყველა თანხმდება, რომ სასამართლო ხელისუფლება „კლანის“ ხელში არ უნდა ჩავარდეს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტის პარლამენტში განიხილვისას.
მისი სიტყვებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ეს „კლანი“ თავზე უვადოდ დაგვასვას. სწორედ ამიტომ არსებობს სხვადასხვა ინიციატივა.
„ჩვენი ინიციატივის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ „კლანს" არ ჰქონდეს ექსკლუზიური უკონტროლო უფლება, ყველაფერი გადაწყვიტოს“.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ამასვე ურჩევს ევროკავშირი და ამერიკა. მისივე სიტყვებით, ამავე მსოფლმხედველობის არის ბესელიას კანონპროექტიც.
„ამ კომიტეტზე რომ ჩააგდებთ ამ კანონს ან სხვა კანონს და ეგ გგონიათ თქვენი გამარჯვება, აი, მაგ გამარჯვებით გაგიმარჯოთ. თქვენ ყველას მოგიწევთ პასუხისგებლობის აღება ასეთ უპასუხისმგებლო, ფარისევლურ და მონურ გადაწყვეტილებაზე. ასეთი გადაწყვეტილებები არასოდეს გამქრალა უკვალოდ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.