"11 აპრილს ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი მიიღო." - იტყობინება საპარტიარქო. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
"შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას და მომავალი თაობის სწორად აღზრდას; რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა.
მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.
შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა." - ვკითხულობთ საპარტიარქოს ოფიციალურ ვებ-საიტზე.