Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანში გადააყენეს და დააპატიმრეს პრეზიდენტი, ძალაუფლება არმიის ხელში გადავიდა


სუდანის თავდაცვის მინისტრი აუად მოჰამედ აჰმედ იბნ აუფი
სუდანის თავდაცვის მინისტრი აუად მოჰამედ აჰმედ იბნ აუფი

სუდანის თავდაცვის მინისტრი, აუად იბნ ოუფი აცხადებს, რომ გადააყენეს და დააპატიმრეს პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც 30 წელი მართავდა აფრიკის ამ ქვეყანას. პრეზიდენტის დაკავება მოჰყვა თითქმის ოთხი თვის წინ დაწყებულ გამოსვლებს მისი მმართველობის გასაპროტესტებლად.

თავდაცვის მინისტრმა 11 აპრილს ტელემიმართვაში აღნიშნა, რომ ბაშირი „უსაფრთხო ადგილას“ იმყოფება და სამხედრო საბჭო უხელმძღვანელებს ქვეყანას ორწლიან გარდამავალ პერიოდში, რომელსაც არჩევნები მოჰყვება.

უფრო ადრე გავრცელდა ცნობები, რომ ათიათასობით ადამიანი გავიდა დედაქალაქ ხართუმის ქუჩებში და ისმის შეძახილები „რეჟიმი დაეცა!“

ალ-ბაშირის ოპონენტების საპროტესტო გამოსვლები დეკემბრიდან გრძელდება. თავდაპირველად მიზეზი იყო ფასების მატება და ნაღდი ფულის ნაკლებობა, მაგრამ აქციები მალე გადაიზარდა ზოგადად, მმართველი რეჟიმის საწინააღმდეგო პროტესტში.

ალ-ბაშირზე ძებნა აქვს გამოცხადებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დარფურის რეგიონში გენოციდის დაგეგმვის ბრალდებით. ის ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG