Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ლუკაშენკა: რუსეთში „ისე გათავხედდნენ, რომ უკვე ჩვენთვის ხელების გადაგრეხას იწყებენ“


ალექსანდრ ლუკაშენკა
ალექსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ სანქციებს შეადარა მოსკოვის მიერ ბელარუსის რიგი საქონლისთვის რუსეთის ბაზრის დახურვა. „იქ ისე გათავხედდნენ, რომ უკვე ჩვენთვის ხელების გადაგრეხას იწყებენ,“ მოჰყავს სააგენტო „ბელსატს“ ლუკაშენკას სიტყვები.

ამასთან დაკავშირებით მან ახსენა ვითარება ბელარუსზე გამავალი ნავთობსადენების ავარიულ მდგომარეობაზე. წელიწადნახევრის წინ ბელარუსის ხელისუფლებამ მათ რემონტი ჩაუტარა ისე, რომ არ შეუწყვეტია მიწოდება, რათა რუსეთს ზარალი არ ენახა.

მაგრამ მოსკოვი არ უპასუხებს მინსკის კეთილ დამოკიდებულებას და თავის ბაზარს უკეტავს ბელარუსის საქონელს, განაცხადა ლუკაშენკამ. „სიკეთე, რომელსაც ჩვენ რუსეთის ფედერაციას ვუკეთებთ, მუდამ ბოროტად შემოგვიბრუნდება ხოლმე,“ თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა. მისი სიტყვებით, ბელარუსს „მარცხენა ლოყაში ურტყამენ“, ის კი „მარჯვენას მიუშვერს“.

ახლახან „როსსელხოზნადზორმა“ გამოაცხადა, რომ ბელარუსიდან ვაშლისა და მსხლის იმპორტზე დროებით შეზღუდვებს აწესებს გაყალბებული ფიტოსანიტარული სერტიფიკატების გამო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უწყება მსგავს ზომებს მიმართავს. „როსსელხოზნადზორი“ მინსკს იმის გამოც აკრიტიკებს, რომ რუსეთში ევროპიდან კვლავაც ხვდება პროდუქტები, რომლებიც სასურსათო ემბარგოს ექვემდებარება.

მანამდე ალექსანდრ ლუკაშენკამ „მონაჩმახი“ უწოდა ლაპარაკს იმაზე, რომ რუსეთი „აჭმევს“ ბელარუსს. მისი თქმით, რუსეთის მოქმედებამ ის გამოიწვია, რომ მინსკი იძულებულია, გააფართოვოს დასავლეთთან თანამშრომლობა.

XS
SM
MD
LG