Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ია კერზაიას შვილი დაზარალებულის სტატუსის მოპოვებას სასამართლოს გზით ცდილობს


ბაჩანა შენგელია
ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა გენერალური პროკურატურის უარი დაზარალებულად ცნობის შესახებ.

ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 15 დღიანი ვადა აქვს.

„ახლა უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჩაგვრთავენ თუ არა საქმეში და შესაბამისად, მოგვეცემა თუ არა საქმის მასალების გაცნობის საშუალება. მარტო ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ეს გადაწყვეტილება. საქმის მასალების გაცნობაზე უარი ნიშნავს, რომ პროკურატურას არ აქვს ჩატარებული ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაჩანა შენგელიამ.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებს. გამოძიების ფარგლებში ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას მიმართა დაზარალებულის სტატუსის მოსაპოვებლად.

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქმის გამომძიებელმა შენგელიას დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა. გარდაცვლილი დირექტორის შვილმა ეს გადაწყვეტილება გენერალურ პროკურორთან გაასაჩივრა და მისგანაც უარის შემდეგ სასამართლოს მიმართა.

პროკურატურაში უარს იმით ხსნიან, რომ „ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.“

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG