კორპორაცია ფეისბუკის აქციონერთა ჯგუფი მოითხოვს ფეისბუკის დამაარსებლისა და უდიდესი აქციონერის, მარკ ზაკერბერგის გადადგომას მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან.
30 მაისს გაიმართება კომპანიის აქციონერთა წლიური შეკრება. მანამდე აქციონერებმა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას გაუგზავნეს მიმართვა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ზაკერბერგს მმართველთა საბჭოში ეკუთვნის ხმების ნახევარზე მეტი მაშინ, როცა ფლობს კომპანიის აქციების სულ 13%-ს. მათ ეს უსამართლობად მიაჩნიათ.
ზაკერბერგს საყვედურობენ ფეისბუკის გარშემო ბოლოდროინდელი სკანდალებისათვის, რასაც - კრიტიკოსების აზრით - აქციების გაიაფება მოჰყვა. სკანდალი გამოიწვია, მაგალითად, სოცქსელის მომხმარებელთა პირადი მონაცემების გაჟონვამ და მათმა გამოყენებამ ყალბი ცნობების გასავრცელებლად და არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
აქციონერები აღნიშნავენ: რომ 2018 წლის ივლისის შემდეგ აქციები 40%-ით არის გაიაფებული.