„ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასული დეპუტატები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში. მათი თქმით, საერთო სასამართლოებისა და მისგან გამომდინარე კანონებში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მას შემდეგ უნდა გაემართა, რაც ცნობილი იქნება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა.
„ამით იკითხება ის, რომ სულსწრაფობა და იმ შედეგის სწრაფად დადგომა, რისთვისაც ეს ძალიან ცუდი კანონპროექტი შეიქმნა, ააშკარავებს იმას, რომ, სამწუხაროდ, ვერ ხდება თქვენს მიერ იმ რეალობის გაცნობიერება, რაც დღეს ქვეყანაში დადგა სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების გამო... მე პირადად არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობას და აზრს ვერ ვხედავ... რაც გინდათ, ის გააკეთეთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
გედევან ფოფხაძის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „თავისი ფუნქციის შესრულებაზე ამბობს უარს“ და დგამს არამართებულ ნაბიჯს, როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობამდე ასე ჩქარობს მოსამართლეების საკითხის განხილვას.
„ამ კომიტეტში, რა თქმა უნდა, დასწრებაზე და განხილვებში მონაწილეობაზე უარს ვაცხადებ. ჩვენ ყველამ ჩვენი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რაც გვგონია, რომ მართლმსაჯულებისთვის არის სწორი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომის დატოვებამდე.