რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის წარუდგინა ცვლილება „სამხრეთ ოსეთთან მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულებაში.“
ცვლილების თანახმად, რუსეთი და „სამხრეთ ოსეთი“ გააუქმებენ ერთმანეთის ტერიტორიაზე მოქალაქეთა ყოფნის ვადის შეზღუდვას.
სააგენტო „ტასს“ მოჰყავს დუმაში პუტინის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანმხლები განმარტება, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთის რესუბლიკას“ შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
რუსეთის კანონმდებლობით, მოქალაქეებს იმ ქვეყნებისა, რომლებთანაც მიმოსვლის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, უფლება აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში.
რუსეთი ამ შეზღუდვას მოუხსნის მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ, რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა აქვთ.
რუსეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შორის ე.წ. "მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულება" 2015 წლის მარტში გაფორმდა, მასში ცვლილების შეტანის ოქმს კი ხელი 2018 წლის ნოემბერში, მოსკოვში მოეწერა.