Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სასამართლო დავა მოუგო


ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გამარჯვებით დასრულდა, მისი 3-წლიანი სასამართლო დავა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, უზენაესმა სასამართლომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. შესაბამისად, ძალაში დარჩა წინა ინსტანციის სასამათლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ეკატერინე მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

გადაწყვეტილების თანახმად, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეკა მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

„სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ეკატერინე მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამრთლოების შეფასება, რომ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა ,,პირველი სტუდიის“ დახურვის შემდგომ, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად ,,საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ შეარჩია ახალი წამყვანები, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა“,- ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2016 წლის თებერვალში დაითხოვეს. მიშველაძემ გადაწყვეტილება დაუკავშირა იმას, რომ მისი მეუღლე, ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG