საქართველოს პარლამენტის ბიურო 16 აპრილის სხდომაზე გადაწყვეტს, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის შესახებ, როდის მოუსმენს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.
როგორ სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ განუცხადა რადიო თავისუფლებას, ბიუროს სხდომას თავად ნინო ლომჯარიაც დაესწრება:
”ამ სხდომაზე უკვე დეტალურად შეჯერდება მიმდინარე კვირის განმავლობაში რომელი დღე იქნება ეს კონკრეტულად, როდესაც სახალხო დამცველს მიეცემა პლენარული სხდომის წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ სახალხო დამცველის გამოსვლა შედგეს ამ კანონპროექტის მერე მოსმენით კენჭისყრამდე.“- აღნიშნა თათული თოდუამ. მისი განმარტებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს, რომ სახალხო დამცველს პარლამენტმა მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს.
„154-მუხლის მეორე პუნქტში უკვე კონკრეტდება რომ სამი დღით ადრე სახალხო დამცველმა წერილობითი მიმართვა უნდა გააგზავნოს პარლამენტში და კონკრეტულად მიუთითოს ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სურს გამოსვლა,“- განმარტავს თათული თოდუა.
სახალხო დამცველის წერილობითი მიმართვა პარლამენტის კანცელარიას 15 აპრილს ჩაბარდა.ნინო ლომჯარიამ პარლამენტისგან მოითხოვა სესიაზე გამოსვლა მოხსენებით, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონპროექტის ხარვეზებს და ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნებს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში პირველადაა მიღებული გადაწყვეტილება, როცა სახალხო დამცველი პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გარანტირებულ კომპეტენციას იყენებს და მოითხოვს პარლამენტის სესიაზე გამოსვლას.