აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შტაბმა სამ თვეში შეძლო შეეგროვებინა 30 მილიონი დოლარი 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დასაფინანსებლად, რაც ორჯერ აღემატება ერთად აღებული დემოკრატიული პარტიის ორი წამყვანი კანდიდატის მიერ შეგროვებულ თანხას.
შარშანდელი შემოწირულობების ჩათვლით, დონალდ ტრამპის შტაბის მიერ შეგროვებული თანხა შეადგენს 41 მილიონ დოლარს, რაც უპრეცედენტოა კამპანიის ასეთ ადრეულ ეტაპზე. შემოწირულობების 99%-ი 200 დოლარი ან უფრო ნაკლებია, საშუალოდ 34 დოლარი.
დემოკრატების ლიდერებმა, სენატორებმა ბერნი სანდერსმა და ელიზაბეტ უორენმა შემოწირულობის სახით ჯამში 39 მილიონი დოლარის მობილიზება მოახერხეს.
დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის კამპანია ოფიციალურად აამოქმედა 2017 წლის იანვარში, რამდენიმე საათში ინაუგურაციის შემდეგ. ბარაკ ობამამ მეორედ კენჭისყრის კამპანია დაიწყო ინაუგურაციიდან წელიწადნახევრის შემდეგ, 2011 წლის აპრილში, იმ მომენტისათვის მისი შტაბის განკარგულებაში იყო 2 მილიონი დოლარი.
დონალდ ტრამპის გუნდი იმედოვნებს, რომ საარჩევნო კამპანიისათვის 1 მილიარდ დოლარს შეაგროვებს. 2012 წელს ობამას გუნდმა 720 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წელს გაიმართება.