ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. ის გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატია.
რეგისტრაციის შემდეგ რულოვსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზუგდიდელების მხარდაჭერის იმედი აქვს. წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა, რომ პატარ-პატარა პრობლემები არის, მაგრამ „როცა ტყეში შედიხარ მგლის არ უნდა გეშინოდეს.“
მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის დარეგისტრირება საოლქო საარჩევნო კომისიასთან გააპროტესტა ზუგდიდელმა ნანა კობახიძემ, რომელიც რულოვსს კომისიის შენობასთან დახვდა.
კობახიძის მტკიცებით, ის არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას და რიგითი ზუგდიდელია, რომელიც მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსს არ აქვს კენჭისყრის მორალური უფლება.
ნანა კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში ცხოვრობდა „მხედრიონის პერიოდშიც,“ ახოვს ის მძიმე დღეები და ახსოვს ისიც, რომ სანდრა რულოვსმა ზვიად გამსახურდიას უწოდა ბანდფორმირების დამფუძნებელი. რულოვსი კობახიძეს არ გასაუბრებია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.