რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის სარაკეტო-კოსმოსური დარგი გააკრიტიკა „არარეალისტური“ ვადებისა და ბიუჯეტისათვის.
პრეზიდენტის თქმით, ცუდად დაგეგმვას ხშირად მოჰყვა ხოლმე ის, რომ კოსმოსური პროექტების ვადა ხანგრძლივდება, ხოლო ხარჯები იზრდება. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, პუტინმა ამ თემაზე ილაპარაკა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
პუტინის აზრით, რუსეთის კოსმონავტიკა საჭიროებს „ღრმა მოდერნიზაციასა და ახალ სტრატეგიას, საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით“. მას არ დაუსახელებია შეუსრულებელი გეგმები, ან მათზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები.
სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსს“, რომელსაც კოსმონავტიკის განვითარება ევალება, 2018 წლიდან ხელმძღვანელობს ყოფილი ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი.
ახალ პოსტზე მან პირობა დადო, რომ 2024 წლამდე შეიქმნება „სატრანსპორტო სისტემა მთვარემდე“, ხოლო 2030 წლისთვის - რუსეთის ბაზა მთვარეზე, კოსმოსური მომსახურების ბაზრიდან განიდევნება ილონ მასკი და შეიქმნება „კვანტური ძრავა“.