Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პანორამა თბილისის" ერთ-ერთ ობიექტზე მუშების დაშავების გამო მშენებლობა შეჩერდა


„პანორამა თბილისის“ პროექტის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სამი მუშის დაშავების გამო სამუშაოები შეჩერდა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მოკვლევის პროცესში აღმოჩენილი გარკვეული ხარვეზების გამო. ფერაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გამოკითხეს შემთხვევის მოწმე პირები, ადგილი დათვალიერდა და დღეიდან ინსპექტირება დაიწყება.

„უნდა გამოვიკვლიოთ ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებული იყო უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნასთან. გარკვეული სტანდარტები არსებობს, თუმცა არის ხარვეზებიც. ამიტომ, პრევენციისთვის სიმაღლეზე სამუშაოები შეჩერებულია” - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მან დაადასტურა, რომ ინციდენტამდე ეს ობიექტი შემოწმებული არ ყოფილა, რადგან ფერაძის თქმით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი კომპანიებს ეტაპობრივად ამოწმებს და ჯერჯერობით ამ ობიექტამდე არ მისულა.

16 აპრილს, თავისუფლების მოედანზე მშენებარე ობიექტიდან სამი მუშა გადმოვარდა. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. მშენებლებს ტვინის შერყევა და მოტეხილობა აქვთ. ექიმების ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პანორამა თბილისის“ პროექტს ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი.“

საზოგადოებრივი მაუწყებელი ფონდის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავისუფლების მოედანზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კონტრაქტორი კომპანია „ენერჯი პლიუსი,“ რომელსაც ხელშეკრულებით ევალება უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

XS
SM
MD
LG