Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული მუშების მდგომარეობა სტაბილურია


„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშების მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ.

„ამტელ ჰოსპიტალის“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბესიკ წივწივაძის თქმით, 21 წლის გიორგი ლიპარტელიანსა და 19 წლის ნოდარ ჩახალიანს თავის ქალის დაზიანებები, ტვინის შერყევა და სხეულის ზოგადი ტრავმები აღენიშნებათ.

ორივე მათგანი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს.

ექიმის თქმით, ორივე პაციენტს სხეულზე მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. არცერთ მათგანს შინაგანი ორგანოების დაზიანება არ მიუღია.

როგორც ბესიკ წივწივაძე ამბობს, პაციენტების თქმით, ისინი დაახლოებით 8-9 მეტის სიმაღლიდან, მესამე სართულიდან, გადმოვარდნენ.

პაციენტებს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

რაც შეეხება მესამე დაშავებულს, 21 წლის დავით ოჩხიკიძეს, ის მკურნალობას გადის ინგოროყვას კლინიკის ინტენსიური თერაპიის პალატაში.

დავით ოჩხიკიძის მკურნალი ექიმის, თეონა ხუჭუას თქმით, პაციენტს ქალა ტვინის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა და მუცლის დახურული ტრავმა აქვს.

„შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მოთავსდა ინტენსიური თერაპიის პალატაში, სადაც ამ დრომდე რჩება. დინამიკაში მისი მდგომარეობა არ გაუარესებულია, სტაბილურია. იგეგმება განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თეონა ხუჭუა.

"პანორამა თბილისის" ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე, თავისუფლების მოედანზე, 16 აპრილის საღამოს სამი მუშა დაშავდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, ობიექტის მოკვლევისას აღმოჩნდა ხარვეზები.

XS
SM
MD
LG