ნიდერლანდის პარლამენტის ოთხმა წევრმა პარლამენტში შეიტანა წინადადება, ალბანეთის მოქალაქეებს დროებით შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში.
11 აპრილს ნიდერლანდის პარლამენტმა ამ ინიციატივაზე გამართა დებატები და უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ახლა პარლამენტი მთავრობას მიმართავს თხოვნით, ევროპის კომისიას წარუდგინოს განაცხადი „სწრაფი შეჩერების“ პროცედურის დაწყების თაობაზე, რომელიც შესაძლებელს ხდის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
ოთხმა პარლამენტარმა ნიდერლანდის პარლამენტში ინიციატივა შეიტანა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული ზომების ფარგლებში.
პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ „ნიდერლანდში საგრძნობლად გაიზარდა ალბანური მაფიის მოქმედება“ და ეს დანაშაულებრივი ორგანიზაციები „ბოროტად იყენებენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას და ამგვარად კიდევ უფრო აფართოებენ თავიანთ კონტრაბანდულ ქსელს“.
ალბანეთის მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაუწესდათ რიგი პირობებით, მათ შორისაა ალბანეთის საზღვრებს გარეთ მოქმედი ალბანური დანაშაულებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა.
ნიდერლანდის პარლამენტისთვის წარდგენილ ინიციატივაში ნათქვამია, რომ ამჟამად ნიდერლანდში ექვსჯერ მეტი ალბანელი იმყოფება, ვიდრე ოფიციალურადაა რეგისტრირებული.
„სწრაფი შეჩერების“ მექანიზმი არის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესი, რომელიც შესაძლებელს ხდის განსაკუთრებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას სპეციფიკურ შემთხვევებში, რომლებიც „საგანგებო ვითარებად“ შეიძლება იქნეს მიჩნეული.
2018 წლის იანვარში საფრანგეთი დაიმუქრა, რომ ალბანეთის მოქალაქეებს აღუდგენს შენგენის სავიზო რეჟიმს მას შემდეგ, რაც 2017 წელს საფრანგეთში 7600-ზე მეტმა ალბანელმა შეიტანა განაცხადი თავშესაფრის მოსაპოვებლად.