Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პატიმრობას უგრძელებენ ნოემბერში დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს


უკრაინელი მეზღვაურების მხარდამჭერი ერთკაციანი აქცია მოსკოვში.
უკრაინელი მეზღვაურების მხარდამჭერი ერთკაციანი აქცია მოსკოვში.

მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ დაიწყო პატიმრობის 24 ივლისამდე გაგრძელება უკრაინელი მეზღვაურებისთვის, რომლებიც რუსეთის მეზღვაურებმა 2018 წლის ნოემბერში დააპატიმრეს შავ ზღვაში უკრაინის სამი გემის ხელში ჩაგდებისას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება. ბრალდებულები ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ საქმეს ნაწილ-ნაწილ განიხილავენ. სულ სასამართლო განიხილავს 24 პატიმრის საქმეს. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვაო სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა მეზღვაურებისა და გემების დაბრუნების მოთხოვნით. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთს „კიდევ აქვს შანსი, გაათავისუფლოს უკრაინის გემები და მეზღვაურები, სანამ კრემლის მიერ ჩადენილს ფორმალურად აღიარებენ საერთაშორისო დანაშაულად.“

25 ნოემბერს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან რუსეთის მესაზღვრეებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამი გემი და 24 მეზღვაური. სამხედრო მოსამსახურეებს ბრალად სდებენ რუსეთის საზღვრის გადაკვეთას. მეზღვაურები მოსკოვში ჰყავთ წინასწარი დაკავების საკნებში. კიევი მომხდარს აგრესიის აქტად მიიჩნევს, მეზღვაურებს კი სამხედრო ტყვეებს უწოდებს. უკრაინის პოზიციას იზიარებენ აშშ, ნატო და ევროკავშირი. გაერომ დაკავებული მეზღვაურები სამხედრო ტყვეებად აღიარა.

XS
SM
MD
LG