Accessibility links

გიორგი მშვენიერაძე: პარლამენტის თავმჯდომარე გარკვეულ ცვლილებებს დაგვპირდა


პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვცა პირობა, რომ ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას გაითვალისწინებს, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

„პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვცა პირობა, რომ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც მოცემული იყო ვენეციის კომისიის მოსაზრებებში და რომლებიც ფაქტობრივად ემთხვევა ჩვენს ხედვას (მანამდე რაც კი გვქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით), გაითვალისწინებს საქართველოს პარლამენტი.

ყოველ შემთხვევაში, ის შეეცდება პირადად დაარწმუნოს საკუთარი კოლეგები, რომ მხარი დაუჭირონ ინიციატივას. ეს საკითხები არის გამოცდის მოხსნის საკითხი, ეს საკითხი არის დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტთან. ამავდროულად, მსჯელობა შეეხო სხვა რეკომენდაციებსაც და მივიღეთ პირობა, რომ მოსამართლეთა 18-კაციანი სიის წარდგენა საბჭოში საბოლოოდ დასამტკიცებლად დაეფუძნება მათ შეფასებას, ქულების სისტემას“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში საკანონმდებლო ცვლილებების განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე 17 აპრილს არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენა პარლამენტის სხდომაზე 17 აპრილისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა კანონპროექტის განახლებული ვარიანტი მოითხოვეს, სხდომა შეწყდა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა 18 აპრილისთვის გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG