ფეისბუქში აღარ იძებნება იმ კომპანიის გვერდი, რომელთა დაკვეთითაც, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ელექტრონულ ბილბორდზე რამდენიმე დღის განმავლობაში ტრიალებდა რეკლამა გზავნილით „ჩათლახბარათი“.
რეკლამა ეკუთვნოდა თბილისსა და ბათუმში მოქმედ ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს კლასიკურ და ეროტიკულ მასაჟს სთავაზობს და ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ქალების ფოტოებითა და სექსისტური „ხუმრობებით“ მიუთითებდა, რომ მათთან კლიენტებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს. ელექტრონული ბილბორდიდან გაქრა რეკლამაც გზავნილით „ჩათლახბარათი“.
17 აპრილს, შსს-მ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ მედიასაშუალებებმა მიმართეს. გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს. შსს ცნობით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ე.წ. "მასაჟის ცენტრის" მფლობელები და თანამშრომლები.