კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 18 აპრილს გაიმართა ბიზნესფორუმი, რომელიც საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებმა გახსნეს.
,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმებით ევროკავშირმა ჩვენ მოგვცა საუკეთესო შესაძლებლობა - გაგვიხსნა კარი საიმისოდ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
ამ შეთანხმებით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად ფართოვდება გზა საქართველო - კვიპროსის ეკონომიკურ ურთიერთობაში. სავაჭრო ხელშეკრულება ერთ-ერთი ძირითადი შეთანხმებაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განმტკიცებას.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, სტრატეგიული მდებარეობა, დიდი ეკონომიკური პოტენციალი და ეკონომიკის წინსვლისთვის გადადგმული ნაბიჯები განაპირობებს სრულიად რეალისტურ ამბიციას, ქვეყანა რეგიონული ჰაბი გახდეს.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უშუალოდ კვიპროსში ექსპორტის ზრდაზე. უკვე არაერთი ხარისხიანი ქართული პროდუქტი არსებობს, რომელთა კვიპროსში გატანა იქნება სარგებლიანი ორივე მხარისთვის.“- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ბიზნესფორუმზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე, კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
ბიზნესფორუმი საქართველოსა და კვიპროსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ჩატარდა.