ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გამოძიების საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურაში მივიდა.
როგორც ბაჩანა შენგელიამ მედიასთან განმარტა, მისი თვითმიზანია არა საქმის მასალების გაცნობა, არამედ დამნაშავეების დასჯა.
„ჯერ არ ვიცით საქმეში რა საპროცესო მოქმედებებია ჩატარებული, თუმცა ვიცით ის, რომ მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები ჩატარებული არ არის.
მაგალითად, არ არის გამოკითხული ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, ასევე სხვა პირები, რომლებსაც უშუალოდ ჰქონდათ დანაშაულთან შემხებლობა. ჩვენ ვაპირებთ ამ საქმეში ყველა დეტალს, ყველა საპროცესო მოქმედებას დავაკვირდეთ.“- აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ. მისი განმარტებით, ია კერზაიას გარდაცვალებიდან 4 თვეზე მეტი გავიდა და გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შედეგი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ 11- მა ევროპარლამენტარმა პირადად მიმართა პრემიერ-მინისტრს.
„ჩვენ ადვოკატთან ერთად ვაპირებთ, რომ ყველა ფურცელს ყველა დოკუმენტს დეტალურად გავეცნოთ და შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, კონკრეტულად რა არ შესრულდა და რა უნდა გააკეთოს საგამოძიებო უწყებამ, რომ მიეცნენ პირები პასუხისგებაში“,- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში მისვლა, მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს უწყებამ განცხადებით 18 აპრილს შესთავაზა.
პროკურატურის თანახმად, მას საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელები სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო.
შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.