Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული კენჭისყრა: უმრავლესობა არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისევ ფარული კენჭისყრის გზით შეირჩევიან. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა არ აპირებს გაითვალისწინოს ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ფარული კენჭისყრის გაუქმებას გულისხმობს.

„რაც შეეხება ღია კენჭისყრას, რომელსაც ახლა ითხოვენ აი ეს ოპონენტები ზუსტად... ღია კენჭისყრა იყო სწორედ ზეწოლისა და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი წინა ხელისუფლების პირობებში, რომელიც ზუსტად ჩვენ შევცვალეთ 2013 წელს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ 18 აპრილს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

თალაკვაძემ თქვა, რომ ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით 18 აპრილს უნდა განიხილონ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული დასკვნა ვენეციის კომისიამ 16 აპრილს გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლეების შერჩევის პროცესში უნდა გაუქმდეს ფარული კენჭისყრის მექანიზმი.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაუქმდეს ფარული კენჭისყრები; კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო და პროცედურა დაეფუძნოს ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებითაც ფასდება თითოეული კანდიდატი, რათა შეირჩეს იმ კანდიდატთა ჯგუფი, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს“, - წერია რეკომენდაციათა ჩამონათვალში.

პარლამენტის სხდომაზე შესვენება 14:00 საათამდე გამოცხადდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნითა და ხმაურით მოითხოვეს დრო კანონპროექტის შეცვლილი ვარიანტის გასაცნობად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მისი შესაბამისობის გადასამოწმებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG