Accessibility links

site logo site logo

4 თვეში ავლაბრის სასახლესა და ათონელის რეზიდენციაში ჯამურად 3 478 795 ლარი დაიხარჯა


ავლაბრის სასახლისა და პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის შენახვა სახელმწიფოს თვეში საშუალოდ 190 000 ლარი უჯდება,-იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. სააგენტომ საჯარო ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 134 ათასი ლარი სჭირდება ყოველთვიურად ავლაბრის სასახლის მოვლა-პატრონობას, 57 ათასი ლარი კი ათონელის რეზიდენციის მოვლა-პატრონობას.

ამ ხარჯებში შედის როგორც კომპლექსის კომუნალური და სხვა სახის ტექნიკური ხარჯები, ასევე შენობის დაცვაზე განაწილებული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

"ინტერპრესნიუსის" თანახმად, ბოლო 4 თვეში ავლაბრის სასახლესა და ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში ჯამურად 3 478 795 ლარი დაიხარჯა.

მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი ხარჯი ამ პერიოდში ათონელის რეზიდენციაზე 2018 წლის დეკემბერში გაიწია და მან 2 673 940 ლარი შეადგინა. ამ თანხის უმეტესობა - 2 656 514 ლარი შენობა-ნაგებობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. საერთო ჯამში კი, 4 თვეში ათონელის რეზიდენციაზე 2 733 720 ლარი დაიხარჯა.

დოკუმენტის თანახმად, ორბელიანის სასახლის კომუნალურმა ხარჯმა 34 642 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კომუნალურ ხარჯებში მხოლოდ ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯებია გაწერილი. გარდა ამისა, შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მომსახურებაზე ყოველთვიურად 10 000 ლარი იხარჯება.

რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას,იგივე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეს, 4 თვეში მასზე გაწეულმა ხარჯმა 263 616 ლარი შეადგინა. თანხის ძირითადი ნაწილი, 262 339 ლარი შენობის კომუნალურ ხარჯებს მოხმარდა.

უფრო კონკრეტულად ავლაბრის რეზიდენციაში 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯმა 154 795 ლარი, ბუნებრივი აირის მოხმარების ხარჯმა 80 804 ლარი, წყლის მოხმარების ხარჯმა კი 25 801 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 4 თვეში შენობა-ნაგებობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა/დასუფთავებისა და სამეურნეო საქონელზე 2 216 ლარი დაიხარჯა.

ორივე შენობას სდსს-ს ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ემსახურება, რომელიც სხვადასხვა სახის ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულ სამსახურში გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობამ 4 თვეში 113 250 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შენობების დაცვას, ავლაბრის რეზიდენციაზე განაწილებული შემადგენლობის შრომის ანაზღაურებამ 4 თვეში 194 780 ლარი შეადგინა. ამასთან, მათზე გაცემულია 44 950 ლარის დანამატიც.4

2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ათონელის რეზიდენციის დაცვაზე განაწილებული პირების შრომის ანაზღაურებამ 91 807 ლარი, დანამატმა კი 31 570 ლარი შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG