Accessibility links

site logo site logo

შსს: დები საუდის არაბეთიდან დათანხმდნენ ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში გადაყვანას


შსს განცხადებს ავრცელებს საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეული დების შესახებ. უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალები, რომლებიც საქართველოში პირველ აპრილს ჩამოვიდნენ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან გასაუბრების შემდეგ, დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საუდის არაბეთის მოქალაქეებმა, დებმა - მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებდნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ საქართველოში. აღნიშნული პირები, ასევე, აცხადებდნენ, რომ მათ ემუქრებათ საფრთხე საკუთარი ოჯახის წევრებისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე, სადაც დები - მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ. სამართალდამცველების ვიზიტის მიზანი იყო მათთან გასაუბრება და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარების შეთავაზება. ასევე, ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ინფორმაციის მიწოდებისა და შესაბამისი განმარტებების მიღების შემდგომ, აღნიშნული პირები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას, თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად“.

შსს-ს განმარტებით, ოჯახის წევრები, რომლებზეც დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოში არ იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG