Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიით "პუტინი ქურდია"-ს ხსენება შესაძლოა, რუსეთის ახალი კანონით დისაჯოს


რუსმა ჩინოვნიკებმა სცადეს მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისა და იურისტებისთვის აეხსნათ, როგორ გამოიყენებენ ახალ კანონს, რომლითაც ისჯება ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების შეურაცხყოფა.

„ბიბისი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ 17 აპრილს, რუსეთის ფედერალური სამსახურის, „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელები პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს.

„ბიბისი“-ს ეს დაუდასტურა შეხვედრის ხუთმა მონაწილემ, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვეს.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ჩინოვნიკები ცდილობდნენ მთავარი რედაქტორების დარწმუნებას, რომ კანონს გონივრულად და ზუსტად გამოიყენებენ და დარღვევის შემთხვევაში, „როსკომნადზორი“ მედიასაშუალებებს მაშინვე არ დაბლოკავს და ჯერ გააფრთხილებს.

მედიასაშუალებების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა მაგალითად, რეპორტაჟში მოყვანილი იყოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ საკმაოდ ხშირად გამოყენებული ფრაზა, რომ მმართველი პარტია „ედინაია როსია“ ქურდების და თაღლითების პარტიაა.

„ბიბისი“-ს წყაროების ინფორმაციით, ეს შეკითხვა რამდენჯერმე დაისვა, თუმცა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მიუღიათ.

„როსკომნადზორის“ წარმომადგენლებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ თითოეულ შემთხვევაში სანახავი იქნება კონტექსტი და გამოყენების ფორმა. ამასთან, უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ მისი პირადი აზრით, მედიის მიერ ნავალნიზე დაყრდნობითაც კი მსგავსი ფრაზების გავრცელება შეურაცხყოფაა.

მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ასევე, დაინტერესდნენ შეუძლიათ თუ არა ჟურნალისტებს ციტატად მოიყვანონ აქციის მონაწილეთა შეძახილები, რომ პუტინი ქურდია.

„როსკომნადზორის“ დირექტორის მოადგილემ, ვადიმ სუბოტინმა თქვა, რომ ამას ხელისუფლების შეურაცხყოფად ჩათვლიდა, თუმცა, საბოლოოდ საკითხი პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს.

„ბიბისი“-ს ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრის შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკების პოზიცია ასეთია - მაგალითად, არ შეიძლება სახელმწიფო დუმის, როგორც ინსტიტუტის შეურაცხყოფა, მაგრამ შეიძლება ცალკეული დეპუტატების, ხოლო რაც შეეხება პუტინს, ის უნიკალურია, ერთადაა ადამიანიც და ხელისუფლების ორგანოც და ხალხის გონებაში ეს განუყოფელია.

რუსეთში მიღებული ახალი კანონით, ხელისუფლების შეურაცხყოფად ითვლება ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების, სახელმწიფოს, მისი სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლების ორგანოების მიმართ.

„როსკომნდაზორს“ უფლება აქვს გენერალურ პროკურორს, ან მის მოადგილეებს მიმართოს და მსგავსი ინფორმაციის წაშლა მოითხოვოს. თუ მედიასაშუალება ამას არ გააკეთებს, დაბლოკავენ.

XS
SM
MD
LG