Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: გოგა ქობულია კონსულტანტად არ ჩამოგვიყვანია, ის მინისტრი იყო


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი, ანალიტიკოსი, რომელმაც ყველა ინდუსტრიულ მიმართულებაში შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომლებიც მომავალში გამოგვადგება-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, რომელსაც მინისტრის რანგში დღეს პირველად ესწრება ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან ნათია თურნავას წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ მასთან საუბრის შედეგად მიიღო და მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ყოფილ მინისტრთან შეხვედრას კიდევ ერთხელ გამართავს.

„თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა არის ნათელი პასუხი იმაზე, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, ის გახლდათ მაკინზის უფროსი პარტნიორი. თვითონ ეს ფაქტი არის მეტყველი იმაზე, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და ვფიქრობ, რომ მან ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების მიხედვით, რომელიც ერთად თავს იყრის ეკონომიკის სამინისტროში“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი განმარტებით, გიორგი ქობულიას მინისტრად დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო -"გოგა ქობულია კონსულტანტად ნამდვილად არ ჩამოგვიყვანია, ის ჩამოვიყვანეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყანას სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები სჭირდება და "თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ის შედეგი ვაჩვენოთ, რასაც შევპირდით, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს".

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პრემიერ-მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან 18 აპრილს გაათავისუფლა. მინისტრის პოსტზე იგი მისმა მოადგილემ, ნათია თურნავამ შეცვალა.

XS
SM
MD
LG