Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაპანაძე: როცა მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი


ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძე

"მაშინ, როცა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი, შესაბამისად, ეს შედეგიც" - განაცხადა ნათია კაპანაძემ აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ.

ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა პროცესი მართული, კაპანაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, პროცესი არ იყო შემთხვევითი, თუმცა, შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს.“

ნათია კაპანაძის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და კონკრეტულ საკითხებზეც ამ პროცესის დროს ისაუბრებს.

მისივე თქმით, თავი მომავალშიც საზოგადოებრივ მაუწყებელში წარმოუდგენია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ უნდობლობა გამოუცხადა დირექტორს, ნათია კაპანაძეს.

იმპიჩმენტის ინიციატორები იყვნენ საბჭოში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტებით არჩეული წევრები, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

ფარულ კენჭისყრამდე საჯაროდ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე კვოტით არჩეულმა ბეჟან გობაძემ განაცხადა, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა.

მრჩეველთა საბჭოში კიდევ ორი წევრია - „რესპუბლიკური პარტიის“ კვოტით ირაკლი ირემაძე და „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით ნატა იმედაიშვილი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა.

XS
SM
MD
LG