საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ, რადიო თავისუფლებამ განმარტება სთხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთის სამ ქალაქში - პარიზში, სტრასბურგსა და მონპელიეში საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს საფრანგეთის მხარეს, კარვებში უწევთ ცხოვრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, ამჟამინდელი მდგომარეობით მონპელიეში 21 კარავია გაშლილი, პარიზში 3 და სტრასბურგში 1.
საქართველოს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე და შეხვდნენ საქართველოს მოქალაქეებს.
„იქ მყოფების უმატესობა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელია, მათ შეტანილი აქვთ განაცხადი და საფრანგეთის ხელისუფლებას სთხოვენ თავშესაფარს. მაღალი მიმართვიანობის გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დროული დაკმაყოფილება დროებითი თავშესაფრით, რამაც გამოიწვია, ის, რომ ამ ადამიანებს უწევთ კარვებში ცხოვრება“,- აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.
მისი სიტვებით საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის თანახმად, თუ ერთი ქვეყნის მოქალაქე მეორე ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს, ამ ადამიანის დოკუმენტაცია განიხილება მკაცრად კონფიდენციალურ რეჟიმში, შესაბამისად მიმღები სახელმწიფო მესამე ქვეყანას, მით უმეტეს იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც სთხოვს თავშესაფარს, არ აცნობებს ამის შესახებ.
„შესაბამისად, ფრანგულმა მხარემ არ აცნობა ქართულ მხარეს, რომ ამ პირებს შეტანილი ჰქონდათ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადი, რაც სრულიად ბუნებრივია“,- აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.
მისი თქმით, ფრანგული მხარე თავშესაფრის მაძიებელთა მონაცემებს დეტალურად ამოწმებს, რამაც გამოიწვია, ის რომ ამ ადამიანებისთვის პასუხის გაცემა შეფერხდა.
კითხვაზე, თუ რატომ არ იცოდა ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეთა წინაშე მდგარი პრობლების შესახებ, ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, რომ ვერ ეცოდინებოდა, ვინაიდან ინფორმაციის გამცემი ორი წყაროდან (ფრანგული მხარე და თავად საქართველოს მოქალაქეები) არც ერთს არ უცნობებია. თუმცა, მოგვიანებით საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელები საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ადამიანების პრობლემის მოგვარება და შესაბამისად გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი -ან ამ მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემა, ან აპლიკაციაზე უარის თქმა. თუმცა კონკრეტულად რა ვადებში მოხდება ეს უცნობია.
საგარეო უწყების თანახმად, ფრანგული მხარე საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის მხოლოდ 3 %-ს აკმაყოფილებს. 2018 წელს ფრანგულ მხარეს საქართველოდან თავშესაფრის თხოვნით 5261 მოქალაქემ მიმართა, მათგან მხოლოდ 290 მიმართვა დაკმაყოფილდა.