საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„მაიკ პომპეო დღეს ღამით ორივე კანდიდატს ესაუბრა და აშშ-ის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა. მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ი მზად არის იმუშავოს იმ კანდიდატთან, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს, რათა უკრაინა უსაფრთხო, დემოკრატიული და თავისუფალი იყოს”, – წერს კურტ ვოლკერი.
უკრაინაში დღეს, 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.არჩევნებში მონაწილეობენ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი, მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი.
საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს თავისი სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა 20:00 საათამდე შეეძლება.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური უკრაინაში 31 მარტს გაიმართა. არჩევნებში სულ 39 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან მეორე ტურში გადასულმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24 პროცენტი მიიღო, ხოლო პეტრო პოროშენკომ 15,94 პროცენტი.