Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ეროვნული კვლევის შედეგები ცნობილია


საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ეს შედეგი აჩვენა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ჩატარებულმა მრავალინდიკატორულმა კლასტერულმა კვლევამ.

რეგიონების მიხედვით შედეგები ასეთია:

სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს:

აჭარა - 85%

გურია -73%

თბილისი - 30%

იმერეთი - 61%

კახეთი - 25%

მცხეთა-მთიანეთი - 20%

სამეგრელო, ზემო სვანეთი - 71%

სამცხე-ჯავახეთი - 32%

ქვემო ქართლი - 18%

შიდა ქართლი - 21%

სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს:

აჭარა - 50%

გურია - 44%

თბილისი - 7%

იმერეთი - 23%

კახეთი - 4%

მცხეთა-მთიანეთი - 6%

სამეგრელო, ზემო სვანეთი - 29%

სამცხე-ჯავახეთი - 12%

ქვემო ქართლი - 6%

შიდა ქართლი - 4 %

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტყვიის დონის დასადგენად ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან. კვლევაში მათი ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია დადგენილი არ არის, თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციებით, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

კვლევის შედეგების შესახებ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, საქართველოს მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირების კამპანიებს.

საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, შვეიცარიის განვითარების სააგენტო, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG