Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადია სავჩენკო პარლამენტში დაბრუნდა ციხიდან გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ


კიევი, 2019 წლის 23 აპრილი: ნადია სავჩენკო უკრაინის პარლამენტში დაბრუნებისას
კიევი, 2019 წლის 23 აპრილი: ნადია სავჩენკო უკრაინის პარლამენტში დაბრუნებისას

უკრაინელი პარლამენტარი ნადია სავჩენკო ვერხოვნა რადაში დაბრუნდა სულ ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც მოულოდნელად გაათავისუფლეს ციხიდან. მან წელიწადზე მეტი დაჰყო წინასწარ პატიმრობაში უკრაინის პარლამენტზე ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით.

23 აპრილს სავჩენკომ განაცხადა, რომ რჩება პოლიტიკაში და არ არის ოპოზიციაში ვლადიმირ ზელენსკისთან, რომელმაც 21 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დიდი უპირატესობით აჯობა მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

„ჩემთვის საკმარისი იყო (მისი) პროგრამის წაკითხვა. ბევრი ისეთი პუნქტია, რომელზეც მე სამი წლის წინ ვლაპარაკობდი“, განაცხადა სავჩენკომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

სავჩენკო 16 აპრილს გაათავისუფლეს, რადგან წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა და ის აღარ გაუგრძელებიათ.

ნადია სავჩენკომ სახელი გაითქვა, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობაში სეპარატისტებმა დააკავეს და გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც 2 წელი დაჰყო ციხეში. მან რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად. 2016 წლის მაისში, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის შედეგად სავჩენკო შინ დაბრუნდა, მას ეროვნულ გმირად აღიარებდნენ. მაგრამ 2018 წლის 22 მარტს მას პარლამენტარის იმუნიტეტი მოუხსნეს ტერორისტული თავდასხმის მზადებაში ბრალდებით.

სავჩენკო თავს უდანაშაულოდ ცნობს. პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შემდეგ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გამოაცხადა, რომ ბრალდებები ძალაში რჩება. უკრაინის მედიის ცნობით, მის საქმეზე სასამართლოს მომდევნო სხდომა 7 მაისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG