ბათუმში მყოფმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე, თქვა, რომ აუცილებელია პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში იყვნენ მაღალი ნდობის მქონე მოსამართლეები:
„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტს ვანიჭებთ საქართველოში, რადგან ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოგეხსენაბთ, ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ ბოლოს მიღებული კანონმდებლობით, იმიტომ რომ არ იქნა ადეკვატურად და სრულად გათვალისწინებული ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიისა და ეუთოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიაქცევენ ყურადღებას. აუცილებელია თავად პროცესი წარიმართოს გამჭირვალედ - შესაბამისად, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში იყვნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოების მაღალი ნდობა“.