Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა შრი-ლანკის აფეთქებებზე


კოლომბო, 2019 წლის 23 აპრილი: წმინდა ანტონის სალოცავთან შეკრებილი ხალხი
კოლომბო, 2019 წლის 23 აპრილი: წმინდა ანტონის სალოცავთან შეკრებილი ხალხი

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მან მოაწყო 21 აპრილს აფეთქებები, რომლებმაც შრი-ლანკაში 320-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ექსტრემისტების გაერთიანებამ გაავრცელა იმ რვა ადამიანის ფოტო, რომელიც, მისი თქმით, თავდასხმების უკან დგას.

„ისლამური სახელმწიფო“ თავის საინფორმაციო სააგენტო „ამაყით“ 23 აპრილს გავრცელებულ ცნობაში წერს, რომ აღდგომის დღესასწაულზე მოწყობილი აფეთქებები მიმართული იყო „კოალიციაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებისა და ქრისტიანების“ წინააღმდეგ და განხორციელდა „ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ“.

შრი-ლანკელი ოფიციალური პირები ადგილობრივი ისლამისტი ექსტრემისტების ჯგუფს ადანაშაულებენ სასტუმროებსა და ეკლესიებზე თავდასხმაში. აფეთქებები მოეწყო ეკლესიებში სააღდგომო წირვის მიმდინარეობისას.

დაიღუპა, სულ ცოტა, 321 და დაიჭრა 500-მდე ადამიანი.

პოლიციის ცნობით, 40 ადამიანი იქნა დაკავებული დედაქალაქ კოლომბოსა და მის მახლობლად მოწყობილ აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანით.

სულ ცხრა აფეთქებამ შეარყია ეკლესიები, სასტუმროები და სხვა ობიექტები, რაც მიჩნეულია ძალადობის ყველაზე მასშტაბურ აქტად ათი წლის წინ სამოქალაქო ომისთვის ბოლოს მოღების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG