Accessibility links

site logo site logo

შრი-ლანკაზე თავდასხმების მხვერპლთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა


თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე - ქალაქ ნეგომბოს კათოლიკური ტაძარი

შრი-ლანკის პოლიციის ინფორმაციით, 359-მდე გაიზარდა გასულ კვირას მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

23 აპრილის მდგომარეობით დადასტურებული იყო 321 ადამიანის სიკვდილი. დაღუპულთა შორის 39 უცხოელია - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ნიდერლანდის, ბელგიის, თურქეთის, ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთის და პაკისტანის მოქალაქეები. აფეთქებების შედეგად დაიჭრა 500-მდე ადამიანი.

დღეს შრი-ლანკის პოლიციამ განაცხადა, რომ აფეთქებები მოაწყო 9 თვითმკვლელმა, რომელთაგან ერთი ქალი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, დადგენილია 8 თვითმკვლელის ვინაობა. ყველა მათგანი შრი-ლანკის მოქალაქე იყო. ერთს განათლება დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში ჰქონდა მიღებული.

დაკავებულია თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 60-მდე პირი.

21 აპრილს, შრი-ლანკის სამი ქალაქის სამ ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და სამ კათოლიკურ ტაძარში, ასევე ქვეყნის უდიდესი ქალაქის, კოლომბოს ზოოპარკთან აფეთქებები თითქმის ერთდროულად მოხდა. 21 აპრილს კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ.

23 აპრილს, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ,“ რომლის მტკიცებით, თავდასხმა მიმართული იყო მის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრი ქვეყნების მოქალაქეების და ქრისტიანების წინააღმდეგ.

ამასთან, შრი ლანკის ხელისუფლება აფეთქებებზე პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილობრივ ისლამისტურ დაჯგუფებას „ეროვნულ ერთობას.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG