Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთის პრეზიდენტს პროვოკაციაში ადანაშაულებს


აშშ-მა დაგმო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ უკრაინის აღმოსავლეთში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებნი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთი ამ პროვოკაციული მოქმედებით აძლიერებს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

ვაშინგტონის შეფასებით, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება სერიოზულ ბარიერს უქმნის დონბასის რეინტეგრაციას და რუსეთის მიერვე ხელმოწერილი მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზე კიევის კონტროლის სრულად აღდგენას.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე, უკრაინელმა ხალხმა ხმათა უმრავლესობით, მომდევნო პრეზიდენტად აირჩია ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც არაერთხელ გამოთქვა უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის შესაწყვეტად და მინსკის შეთანხმების შესასრულებლად რუსეთთან ურთიერთქმედების მზადყოფნა.

„ახლა რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს დაძაბულობის ესკალაციის გაგრძელება, თუ მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

24 აპრილს გამოქვეყნდა პრეზიდენტ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებნი. მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას ჰუმანიტარულს უწოდებს და მიზნად ასახელებს ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვას.

XS
SM
MD
LG