Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოში განიხილეს მორიგი ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1344-ე სხდომაზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში.“

ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში მოიცავს პერიოდს 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით და ასახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის განხილვისას მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ართმევს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების და სხვა უფლებები.

ლაშა დარსალიამ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე და ისაუბრა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისა და სიაში შესულ პირებზე შემზღუდავი ზომების ამოქმედების აუცილებლობაზე, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ნიშნით ძალადობის პრევენცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ახალგორში მცხოვრები აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG