პოლონეთმა და ბელარუსმა შეწყვიტეს საბჭოთა პერიოდის მილსადენით, „დრუჟბით“, რუსეთის ნავთობის იმპორტი. ვარშავისა და მინსკის განმარტებით, კლიენტებისათვის მიუღებელია რუსეთის ნედლი ნავთობი მისი დაბინძურებისა და დაბალი ხარისხის გამო.
ბელარუსმა 19 აპრილს გაავრცელა ცნობა რუსეთიდან „დრუჟბით“ გადაქაჩული ნავთობის ხარისხის მკვეთრად გაუარესების შესახებ. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ დაბინძურების წყარო აღმოჩენილია რუსეთის ტერიტორიაზე, მილსადენის სამარა-უნეჩის სექტორზე.
ბელარუსის მილსადენის ოპერატორ კომპანია „გომელტრანსნეფტ დრუჟბის“ განცხადებით, იმპორტი „განუსაზღვრელი ვადით“ შეწყდა. ამავე კომპანიის ინფორმაციით, ის კვლავაც უშვებს რუსეთის ნავთობს ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის მიმართულებით უკრაინაზე გამავალი მილსადენით.
მაგრამ პოლონეთის გავლით რუსეთის ნავთობის გადაქაჩვის შეწყვეტა ნიშნავს, რომ მსხვილი კლიენტები ამ ნავთობს აღარ იღებენ პოლონეთსა და გერმანიაში განთავსებულ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა საწარმოებში, რომელთა ნაწილიც ეკუთვნის „ტოტალს“, „შელს“, „ბრიტიშ პეტროლიუმსა“ და „როსნეფტს“.