შოტლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ ამზადებს კანონს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის შესახებ მორიგი რეფერენდუმის ჩატარება.
„მალე წარმოვადგენთ კანონპროექტს რეფერენდუმის გასამართი წესების შესაქმნელად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა 24 აპრილს ედინბურგში, პარლამენტში გამოსვლისას.
მან თავისი მთავრობის მიზნად დაასახელა რეფერენდუმის დანიშვნა ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე - 2021 წლის მაისამდე.
შოტლანდიაში, რომელიც 300 წელიწადზე მეტია შედის გაერთიანებულ სამეფოში, ამომრჩევლებმა - 2014 წლის რეფერენდუმის შედეგად - ხმების 55,3%-ით უარყვეს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა.
მაგრამ სტერჯენმა 2016 წელს, ბრიტანეთში ევროკავშირიდან გამოყოფის მხარდაჭერის შემდეგ გამოაცხადა, რომ შოტლანდია „დიდი ალბათობით“ გამართავს ახალ რეფერენდუმს დამოუკიდებლობის შესახებ.
2016 წელს „ბრექსიტის“ შესახებ რეფერენდუმში შოტლანდიელი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა მიემხრო ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენას.