Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მან მიმართა კანონპროექტზე მომხსენებლებს, ისარგებლონ პარლამენტის რეგლამენტის 116-ე მუხლით. მუხლი კანონპროექტის განხილვის წინა მოსმენაზე დაბრუნების პროცედურას არეგულირებს.

„რეგლამენტში წერია, რომ მომხსენებელმა ან თანამომხსენებელმა პლენარულ სხდომაზე უნდა დასვას საკითხი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების თაობაზე...ვისაც უნდა ესმის და ვისაც უნდა ხედავს და ვისაც უნდა არ ესმის და ვისაც უნდა არ ხედავს როგორი კრიტიკულია რეკომენდაციებთან დაკავშირებით მოსაზრებები. იმიტომ, რომ არ არის გაზიარებული ამ პროექტში 10 რეკომენდაციიდან ერთ-ნახევრის გარდა. ანუ რვა-ნახევარი არის გაზიარებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს არა საკომიტეტო სხდომაზე, არამედ პლენარულზე: „ამ საკითხის არა მხოლოდ განხილვა, დაყენებაც კი არის შესაძლებელი, მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მხრიდან დასაბუთებულობის შემთხვევაში, სესიაზე კანონპროექტის განხილვისას, მსჯელობისას. კი ბატონო, თქვენი განცხადება ჩვენ შეგვიძლია დეკლარირებულად მივიღოთ“,- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები. პაკეტზე კენჭისყრა ჯერ არ გამართულა.

XS
SM
MD
LG