Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: „ტროლი პუტინის“ შუამდგომლობა არ მჭირდება


რუსეთის ფედარაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინული პასპორტის დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

გასულ კვირაში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მცხოვრებნი გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის ფედერაციის პასპორტებს.

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის ამ გადაწყვეტილებას „პასპორტებით უკრაინის მოქალაქეების ცდუნების უშედეგო მცდელობა“ უწოდა და იქვე შენიშნა, რომ უკრაინა დაიცავს, თავშესაფარს და მოქალაქეობას მისცემს ყველას, „ვინც მზადაა იბრძოლოს თავისუფლებისთვის“.

ზელენსიკის ამ განცხადების კომენტირებისას ვლადმირ პუტინმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ამ პროცესის დაწყება მიხეილ სააკაშვილიდან.

„სამართლიანი იქნებოდა უკრაინული პასპორტის დაბრუნება ადამიანისთვის, რომელიც ადრე ქართველი იყო, ახლა კი თავს უკრაინელად მიიჩნევს“. - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს კრემლში „შრომის გმირის“ მედლების გადაცემის შემდეგ.

„სააკაშვილს კანონის დარღვევით ჩამოერთვა მოქალაქეობა და უკანონოდ იქნა გაძევებული ქვეყნიდან“, - დასძინა პუტინმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა 2017 წლის ივლისში. უკრაინის ხელისუფლებამ ამის მიზეზად დაასახელა ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის დამალვა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმურა მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმითაც, „ეს ის პუტინია, რომელიც 2017 წლის დეკემბერში პრესკონფერენციაზე ითხოვდა მის უკრაინიდან გაძევებას, რაც პოროშენკომ ერთი თვის შემდეგ გააკეთა“.

„ზუსტად ვიცი, რომ სწორედ პუტინმა მოსთხოვა პოროშენკოს, არ მივეწვია ინაუგურაციაზე 2014 წელს, დღეს კი მისი წარმომადგენლები შუამავლების მეშვეობით ზელენსკისგან კატეგორიულად მოითხოვენ, არათუ იმას, რომ მოქალაქეობა არ დამიბრუნონ, არამედ იმას, რომ არ შემიშვან უკრაინაში. ასეთივე მოთხოვნა პუტინმა წაუყენა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამას განიხილავდა ის 2016 წელს პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრისას. ასე რომ, ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ახლად გამომცხვარო ტროლო, ჩვენ უკრაინელებთან თავად გავერკვევით“, - დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუკზე“.

XS
SM
MD
LG