Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელიდან ვრცელდება ინფორმაცია შეტაკებების შესახებ


კარაკასი, 2019 წლის 30 აპრილი
კარაკასი, 2019 წლის 30 აპრილი

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დაიწყო შეტაკებები ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს მომხრეებსა და უშიშროების ძალებს შორის. ცნობების თანახმად, ორივე მხარეზე არიან შეიარაღებული პირები.

ვიდეოზე ჩანს, რომ იყენებენ ცრემლმდენ გაზს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტები იუწყებიან ურთიერთსროლის შემთხვევებზეც.

გუაიდო ვენესუელის კანონიერ ლიდერად ჰყავს აღიარებული 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის აშშ-სა და საქართველოს. გუაიდოს მხარდამჭერები კარაკასში სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზასთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც მან სამშაბათ დილას გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ გვერდით უდგანან სამხედრო ფორმიანი შეიარაღებული პირები.

გუაიდომ არმიას მოუწოდა, შეუერთდეს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ოპონენტთა დემონსტრაციებს. მადუროს ის "უზურპატორად" მოიხსენიებს.

ვენესუელის ინფორმაციის მინისტრმა ხორხე როდრიგესმა გამოაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში „მოღალატეთა“ მცირე ჯგუფმა სცადა გადატრიალების მოწყობა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, ტვიტერში დაწერა მოწოდება ვენესუელის არმიისადმი, „დაიცვას კონსტიტუცია“ და კანონიერი ხელისუფლება, რომლადაც აშშ ცნობს ეროვნულ ასამბლეასა და მის თავმჯდომარეს, ხუან გუაიდოს.

XS
SM
MD
LG