Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ია კერზაიას ოჯახის წევრებს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა


ბაჩანა შენგელია
ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებსა და ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას ოჯახის წევრებს შორის. დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა.

ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეიტყო დარჩელში მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ და როგორც მოქალაქე, ბიძასთან ერთად მივიდა, რათა გაეგო რა პოზიცია აქვთ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„შევეცადეთ კითხვებზე მიგვეღო პასუხები, რაზეც მათი მხრიდან იყო გარკვეული პროვოკაციები, თითქოს ამ ტრაგედიას იყენებს სხვა ძალა თავისი მიზნებისთვის, რაც რეალურად საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. ეს არის იას სოფელი, სადაც დაიბადა და გაიზარდა და როდესაც მოდის პოლიტიკური გუნდი და ატარებს საარჩევნო აგიტაციას, შეუძლია თქვას მისი აზრი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

მისივე თქმით, დღემდე მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები და „ქართული ოცნებიდან“ სულ რამდენიმე ადამიანი უჭერს მხარს საქმის გამოძიებას. „შესაბამისად, ყველა ის ძალა, რომელიც ამას მოითხოვს არის ჩემიანი. მე ვარ მათ მხარეს და ისინი არიან ჩემს მხარეს“ - თქვა ბაჩანა შენგელიამ.

დარჩელში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ლაშა გვასალია ამბობს, რომ პროვოკაცია ბაჩანა შენგელიამ მოაწყო. გვასალია მიიჩნევს, რომ შენგელიას „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„კითხვა დასვა ბაჩანა შენგელიამ და გიორგი შენგელიამ (მერობის კანდიდატი) უპასუხა. მეც ვუპასუხე. მოინდომა, რომ გაეგრძელებინა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, ჩვენი მიმართება. თავისთავად, ამას ვერ გადავუხვევთ. უნდა, რომ სხვანაირი მიმართულება მისცეს ყოველივე ამას, მაგრამ ვუთხარი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რუსთავი 2-ს“ სურს თქვენი ტკივილი გამოიყენოსო“ - განაცხადა ლაშა გვასალიამ.

მისივე თქმით, ბაჩანა შენგელიასთვის დახურული არ არის არც პარტია „ქართული ოცნების“ და არც რომელიმე უწყების კარი და მზად არიან მოუსმინონ, მაგრამ ეს არ სურს და დაინტერესებულია, რომ მოაწყოს პროვოკაცია და გააკეთოს ის, რაც უხარია „ნაციონალურ მოძრაობას.“

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG