Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ვენესუელელ ხალხს


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

ვენესუელაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტვიტერზე დაწერა, რომ მხარს უჭერენ ვენესუელის ხალხს, რომელიც ვაჟკაცურად იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას.

საქართველოს მთავრობა მსოფლიოს კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად აღიარებს ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას.

თებერვლის ბოლოს, ხუან გუაიდო კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში შეხვდა საქართველოს ელჩს ბრაზილიაში დავით სოლომონიას.

ვენესუელას აღიარებული აქვს საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს გადაწყვეტილება მიიღო ვენესუელის წინა პრეზიდენტმა, 2013 წელს გარდაცვლილმა უგო ჩავესმა. მის პოლიტიკას განაგრძობს ნიკოლას მადურო, რომელმაც ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა 2018 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად.

მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურ რეპრესიებსა და ეკონომიკის დანგრევაში ადანაშაულებს, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები 2019 წლის იანვრიდან დაიწყო.

30 აპრილს დილით, დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ გაავრცელა ვენესუელის ერთ-ერთ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჩაწერილი ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ სამხედროების ნაწილი მიემხრო და მზად არიან მადუროს მთავრობასთან საბრძოლველად.

ხუან გუაიდომ სხვა სამხედროებსაც მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდა და ვენესუელის მოაქალაქეებს მიმართა, დაიწყონ ოპერაცია „თავისუფლების“ გადამწყვეტი ეტაპი.

მიმართვიდან რამდენიმე ხანში კარაკასში დაიწყო შეტაკებები გუაიდოს და მადუროს მომხრეებს შორის. სააგენტო „ფრანს პრეს“-ის ინფორმაციით, დაშავებულია 70-მდე ადამიანი. მადუროს რეჟიმის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მოხდა ვენესუელის სხვა ქალაქებშიც. არასამთავრობო ორგანიზაციის Provea-ს ინფორმაციით არაგუის შტატში დაიღუპა 24 წლის დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG