Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბრალდებას პასუხობს


ვლადიმერ ჩაჩიბაია
ვლადიმერ ჩაჩიბაია

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიმ „ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაცია“ უწოდა მისი გამოსვლით გამოწვეულ კრიტიკას.

ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა 30 აპრილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ჩაჩიბაიას ნათქვამს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის მხრიდან.

"ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ვლადიმერ ჩაჩიბაიას ეს განცხადება შეაფასეს საქართველოს სახელმწიფოსთვის საზიანოდ და რუსეთისთვის სასარგებლოდ.

საპასუხოდ, 1 მაისს გენერალ-ლეიტენანტმა ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ „1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო როგორც დამგეგმარებელი, ასევე, მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით.“

ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, თანამებრძოლებთან ერთად თავად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ინსპირირებულ და მხარდაჭერილ კონფლიქტებში და საქართველოს ერთიანობასა და დამოუკიდებლობას იცავდნენ..

„რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე. ეს არის ჩემი და ყველა პატრიოტის, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია. ამიტომ ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას” - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა.

XS
SM
MD
LG