Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძის კანდიდატურა შეირჩა


აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძის კანდიდატურა შეარჩია. როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ უთხრა ჟურნალისტებს, ვახტან ყოლბაიას თანამდებობიდან წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა, ამიტომ, კანდიდატების განხილვა წინა დღეებში მიმდინარეობდა. მისივე ინფორმაციით, უმაღლესმა საბჭომ არჩევანი რუსლან აბაშიძეზე შეაჩერა.

„უნდა გააქტიურდეს დიპლომატიური მუშაობა აფხაზეთის პრობლემის გარშემო. ბატონი რუსლანი გამოცდილი დიპლომატი გახლავთ და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. მან შესანიშნავი ხედვა წარმოადგინა.

პოლიტიკოსის უმთავრესი მიმართულება რა გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?! - ეს გახლავთ შერიგების პოლიტიკა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. ჩვენ ალბათ ბატონ ხაჯინბას ვერასდროს ვერ შევურიგდებით, მაგრამ აფხაზ ხალხს აუცილებლად უნდა შევურიგდეთ. ბატონ რუსლანს აქვს შესანიშნავი პროგრამა, რომლის განხორციელება საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე შეუძლებელია".

მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობაში ახალი შტატი, მოადგილის შტატი იქმნება. რუსლან აბაშიძეს კი დანიშვნის შემდეგ კაბინეტის დაკომპლექტების საშუალება ექნება.

რუსლან აბაშიძე ამ დრომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავად მიმართა. ის აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებს. კანონმდებლობის თანახმად, ყოლბაიას აქვს უფლება მოითხოვოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG