აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა.
რუსლან აბაშიძის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში წარადგენს სამოქმედო გეგმას და კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება.
რუსლან აბაშიძის განცხადებით, მისი მთავარი გზავნილი აფხაზების მიმართ საზოგადოების გაერთიანებისკენ მოწოდებაა, რაც მისი თქმით, ძალიან რთული ამოცანაა და ყველა რესურსის კონსოლიდაციას საჭიროებს.
აფხაზეთის მთავრობის მეთაურად რუსლან აბაშიძის დანიშვნას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.
როგორც დეპუტატთა ნაწილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, აბაშიძის კანდიდატურის არჩევა ცენტრალურმა მთავრობამ მოითხოვა.
"მე მინდა ვიცოდე, ვინ მოდის, რით მოდის, რა პროგრამა აქვს. პროგრამაც კი არ წარმოუდგენია და ამ დროს ამბობენ, დაჩქარებული წესით დაამტკიცეთო," - განაცხადა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ოფიციალურად მიმართა.
რუსლან აბაშიძე 2019 წლის იანვრიდან დღემდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
1997-2014 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე.
იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ა.შ.
2009-2013 წლებში რუსლან აბაშიძე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებდა.