2 მაისს თბილისში გაიხსნა მოდის კვირეული - Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi. კვირეულის ფარგლებში 2019-20 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს 48 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარადგენს. ძირითადი ჩვენებები თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა.
მოდის კვირეული დიზაინერისა და ფოტოგრაფის, ირმა შარიქაძის ჩვენებით გაიხსნა და მას 6 მაისს დაასრულებს დიზაინერ ბესარიონის ჩვენება.
ხუთი დღის განმავლობაში თბილისში ჩვენებების პარალელურად მოეწყობა შოურუმები, წარმოდგენები, გამოფენები და მასტერკლასები. კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი კი იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარაა, რომელიც თბილისში თავის გუნდთან ერთად მეორედ ჩამოვიდა.
Mercedes-Benz Fashion Week-ს 24-წლიანი ისტორია აქვს. თბილისის გარდა ის სეზონურად ეწყობა ბერლინში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკსა და მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში. კვირეული თბილისში პირველად 2015 წელს ჩატარდა.