Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გოლდმანის“ პრიზის ლაურეატი მოუწოდებს ბანკებს - „შეაჩერეთ ნენსკრა!“


ანა ჩოლოვიჩ ლესოსკა, ჩრდილოეთ მაკედონიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკო-სვესტის“ აღმასრულებელი დირექტორი მოუწოდებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს არ დააფინანსოს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი:

„მეზობელ საქართველოში არის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელსაც ახორციელებს მთავრობა რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით. ეს არის მილიარდიანი პროექტი და ბანკებმა, განსაკუთრებით „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ უნდა გაითვალისწინოს„ბოშკოვ მოსტის“ პროექტის გამოცდილება და არ დააფინანსოს, არ დაუჭიროს მხარი ისეთ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აზიანებენ ეკოსისტემებსა და ადგილობრივ მოსახლეობას, როგორც ეს ხდება ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში საქართველოში“.

ანა ჩოლოვიჩ ლესოსკა „გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზის“ 2019 წლის ლაურეატია. მან ეს პრიზი მიიღო ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილი ორი დიდი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შეჩერებისთვის. ახლა ის ბანკებისგან ითხოვს საქართველოში დაგეგმილი ნენსკრას პროექტისთვის დაფინანსების შეჩერებას.

ორგანიზაცია “ეკო-სვესტი“ არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი უფლებადაცვითი ქსელის „ბენკუოჩის ქსელის“ (Bankwatch Network) წევრი.

2 მაისს ანა ჩოლოვიჩ ლესოსკა მონაწილეობას მიიღებს ონლაინ ბრიფინგში, რომლის თემაა - „როგორ უწყობენ ხელს განვითარების ბანკები მავნე ჰიდროელექტროსადგურების პროექტებს“. ის ილაპარაკებს თავის გამოცდილებაზე, რომელიც უკავშირდება ჩრდილოეთ მაკედონიაში ყველაზე დიდი და ძველი ეროვნული პარკის ორი დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისგან დაცვას. ლაპარაკია „ლუკოვო პოლესა“ და „ბოშკოვ მოსტზე“. ჩრდილოეთმაკედონიელი გარემოს დამცველი ყურადღებას გაამახვილებს მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) როლზე.

ღონისძიებას საქართველოდან შეუერთდება მანანა ქოჩლაძე, „ბენკუოჩის ქსელის“ წევრი ქართული ორგანიზაციის - „მწვანე ალტერნატივის“ დამფუძნებელი და „გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზის“ 2004 წლის ლაურეატი. მანანა ქოჩლაძე ილაპარაკებს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის სადაო პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასა და პროექტის მსგავსებაზე „ლუკოვო პოლესა“ და „ბოშკოვ მოსტთან“. ამ პროექტს მხარს უჭერენ EBRD და სხვა ბანკები.

„ბენკუოჩის“ კოორდინატორი ჰიდროენერგეტიკის საკითხებში, იგორ ვეინოვიჩი ილაპარაკებს საფრთხეზე, რომელსაც განვითარების ბანკების მიერ მხარდაჭერილი ჰიდროენერგეტიკული პროექტები უქმნიან ხელუხლებელ მდინარეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დასავლეთ ბალკანეთსა და მის მიღმა.

EBRD-ს წლიური შეხვედრა 8-9 მაისისთვის არის დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG