Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ხმაურით ახსნეს კიდევ ერთი შეთანხმებული კანონპროექტის ჩავარდნა


საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანმა ცვლილებამ, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოამზადეს თბილისის მერიის ინიციატივით

პირველი მოსმენით განხილული, თუმცა დაუმტკიცებელი კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის და ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევისთვის.

კანონპროექტის ჩავარდნა სხდომათა დარბაზში ხმაურით ახსნა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი განცხადებით, დეპუტატების უმრავლესობამ ვერ გაიგო რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, ახლა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უნდა აწვალონ, რომ მან სხდომაზე კანონპროექტი თავიდან გაიტანოს, მაშინ როცა უკვე შეჯერებული და შეთანხმებული იყო.

„ამიტომ გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე და საკითხს ყურადღებით მოვეკიდოთ“, - მიმართა პარლამენტის წევრებს კობახიძემ

5 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო მესამე, საბოლოო მოსმენით მიეღო მთავრობის მიერ ზოგადი განათლების კანონში ინიცირებული ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას. მაშინაც მიზეზად დასახელდა დარბაზში ხმაური. სამი დღის შემდეგ კანონპროექტს კენჭი ხელახლა უყარეს და მიიღეს.

XS
SM
MD
LG