რუსეთის წამყვანმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ მომავალ კვირაში, ფინეთში გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შორის, იმ ფონზე, როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა ვენესუელის კრიზისის გამო განსაკუთრებით დაძაბულია.
ანონიმურად დატოვებულმა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 2 მაისს თქვეს, რომ ორი დიპლომატი განიხილავს "საკითხთა ფართო სპექტრს", ფინეთის ქალაქ როვანიემიში, არქტიკის საბჭოს ორდღიანი შეხვედრის პარალელურად. შეხვედრა 6 მაისს დაიწყება. 3 მაისს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის სიტყვები, რომ შეხვედრა დანიშნულია.
სავარაუდოდ, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ვენესუელაში არსებული პოლიტიკური მღელვარება. ვაშინგტონი არალეგიტიმურად მიიჩნევს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელახალ არჩევას გასულ წელს, და შუალედურ პრეზიდენტად აღიარებს ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს. რუსეთი მადუროს უჭერს მხარს.
რიაბკოვის თქმით, ვენესუელასთან ერთად, განხილვის საგანი სავარაუდოდ იქნება სირიასა და უკრაინაში არსებული მდგომარეობა.